ტილ ლინდემანი დაიბადა ლაიფციგში, გდრ. მისი მამა, მხატვარი, მწერალი და პოეტი ვერნერ ლინდემანი, 40 წიგნზე მეტის ავტორია, ქალაქ როსტოკში მის პატივსაცემად ერთ-ერთი სკოლა მისი სახელობისაა.[1]დედა, ბრიჯიტ ჰილდეგარდ ლინდემანი, ჟურნალისტად მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. ტილს მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ვერნერი თავის წიგნში „მაიკ ოფდფილდი სავარძელში“ („Mike Oldfield im Schaukelstuhl“), როგორც დღიურში, ისე აღწერს კონფლიქტს თავის 19 წლის შვილთან (თუმცა, წიგნში მას ტიმი ჰქვია).
ბავშვობის წლები ტილმა სოფელ ვენდიშ-რამბოვში გაატარა შვერინის მახლობლად. 1975 წელს, როდესაც იგი 12 წლის იყო, ხოლო მისი და — ექვსის, მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და დედა მეორედ გათხოვდა აშშ-ის მოქალაქეზე.[1]
11 წლის ასაკში ლინდემანი შევიდა როსტოკის სპორტულ კლუბში, ხოლო 1977—1980 წლებში სწავლობდა სკოლა-ინტერნატში. 1978 წელს ლინდემანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ახალგაზრდულ საცურაო ჩემპიონატში ფლორენციაში და შერჩეულ იქნა 1980 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, მაგრამ აქ მისი სპორტული კარიერა დამთავრდა. მან დატოვა სასტუმრო, სადაც მისი გუნდი იყო განლაგებული, და მის ნაცნობ გოგონასთან ერთად რომის დასათვალიერებლად გაემართა. ადრე ტილს არ ჰქონდა საზღვარგარეთ თავისუფლად გამგზავრების შესაძლებლობა. მეორე დღეს ლინდემანი დაბრუნდა სასტუმროში, მაგრამ უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილა: იგი დაკითხეს შტაზის (გდრ-ის უსაფრთხოების სამსახური) აგენტებმა.
ტილმა ცურვა მხოლოდ ამიტომ არ მიატოვა: მთავარი მიზეზი მუცლის კუნთების ტრავმა გახდა, რომელიც მან ვარჯიშისას მიიღო.[1]
მისივე სიტყვებით, მას სპორტი სკოლის პერიოდში დიდად არასდროს ხიბლავდა. შემდეგ იგი მუშაობდა თანაშემწედ სადურგლოში, გალერეის ტექნიკოსად, ტორფის მჭრელად და კალათების ფეიქრად. 1981 წელს მან, როგორც ჩანს, უარი განაცხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მეთვრამეტე თვის მოხდაზე, რის გამოც კინაღამ ციხეში ჩასვეს.
პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვერნერს უნდოდა, რომ მისი შვილიც პოეტი გამოსულიყო, და, რეალურად, ასეც მოხდა: ტილ ლინდემანი არამარტო რამშტაინის ვოკალისტი და ტექსტების ავტორია; მას გამოცემული აქვს საკუთარი ლექსების კრებული „Messer“. იგი გამოვიდა 2002 წლის ნოემბერში და მოიცავს 54 ლექსს, რომელთაც თავი ერთად მოუყარა გერტ ჰოფმა, ავტორმა წიგნისა „რამშტაინი“ და ჯგუფის პიროდიზაინერმა.[2]
ტილ ლინდემანი ცოლს გაშორებულია. ჰყავს 2 ქალიშვილი: ნელე და მარი-ლოუისი. 2007 წელს უფროსმა ქალიშვლიმა ნელემ იმშობიარა, რის შედეგადაც ტილი ბაბუა გახდა. ტილის მამა გარდაიცვალა 1993 წელს, გავრცელებული ხმების მიხედვით, ალკოჰოლიზმისგან. თუ დავუჯერებთ იმავე წყაროს, ეს მოხდა ეკლესიაში. არსებობს ვარაუდები, რომ სიმღერა Heirate Mich რამშტაინის პირველი ალბომიდან ამ მოვლენას ეძღვნება.
ტილ ლინდემანი მოდური ტანსაცმლის მწარმოებელი ფირმის New Rock თანამფლობელია.
No comments:
Post a Comment